ბიზნესიგანახლდა 3 წთ საკითხავი
ონლაინ მაღაზია – შექმნა, მართვა და სარგებელი

ონლაინ მაღაზია – მოკლე მიმოხილვა
ალბათ, ყველამ ვიცით, რა არის ონლაინ მაღაზია. სხვა თუ არაფერი, გაგონილი მაინც გექნებათ amazon.com ან ebay.com. ონლაინ მაღაზია მომხმარებელს პროდუქტის ან მომსახურების დათვალიერებისა და შეძენის საშუალებას აძლევს. ზოგ ბიზნესში ის გაყიდვების მთავარი არხია, სხვაგან კი ფიზიკურ მაღაზიას ავსებს. მისი საჭიროება მომხმარებლის ჩვევებზე, პროდუქტსა და მიწოდების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ონლაინ გაყიდვების წილი ქვეყნების, სფეროებისა და წლების მიხედვით განსხვავდება. ბიზნესგეგმის შედგენისას ზოგად პროგნოზებზე მეტად თქვენი ბაზრის მიმდინარე მონაცემები, შეკვეთის დამუშავების ხარჯი და მომხმარებლის საჭიროებები გამოგადგებათ.
ონლაინ მაღაზიის უპირატესობა
მოდით, წარმოვიდგინოთ, რამდენი ადამიანი სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით Amazon.com-ით. ალბათ, ყველა ქვეყანაში უამრავი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, Amazon-ს ონლაინ სისტემის ნაცვლად ამ მომხმარებლებისთვის ტრადიციული, მარკეტის ტიპის სერვისი რომ შეეთავაზებინა. საჭირო გახდებოდა ათასობით მაღაზიის გახსნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათი ინვენტარიზაცია, მომსახურე პერსონალით დაკომპლექტება, საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა, დისტრიბუციით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა… უამრავი დეტალისა და ფაქტორის გათვალისწინება იქნებოდა საჭირო, რომ ამ ქსელს ისეთივე წარმატებით ემუშავა, როგორც დღეს მუშაობს ონლაინ პლატფორმის სახით. Amazon-ი სავაჭრო სფეროს გიგანტია, თუმცა, როგორც წესი, სტრუქტურა ნებისმიერი მასშტაბის შემთხვევაში იგივეა. ონლაინ მაღაზია დღევანდელობას ბევრად უკეთაა მორგებული, უფრო მოქნილი და ნაკლებხარჯიანია. თქვენ ქმნით ონლაინ სისტემას, რომელიც ერთი წერტილიდან — თქვენი სამუშაო ოფისიდან — ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
აღარ გიწევთ ზრუნვა ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობაზე, გუნდის მუდმივ გადამზადებაზე სხვადასხვა ლოკაციაზე, ფილიალების რევიზიასა და კონტროლზე და ყველა იმ ტრადიციულ ხარჯსა თუ შრომით დეტალზე, რაც ვაჭრობის სფეროს განუყოფელი ნაწილია.
როგორი უნდა იყოს კარგი ინტერნეტმაღაზია
მომხმარებელი, როგორც წესი, კრიტიკულია — და ეს ასეც უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც ის მომსახურებაში ფულს იხდის. ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში კი სწორედ ასე ხდება: მომხმარებელი შემოდის თქვენს საიტზე, ყიდულობს პროდუქტს ან მომსახურებას და თქვენ ამით მოგებას იღებთ. ამიტომ ის მაქსიმალურად კრიტიკულად შეაფასებს იმას, რაც საიტზე დახვდება.
პირველ რიგში, ინტერნეტმაღაზია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვებსაიტი, მომხმარებელზე უნდა იყოს მორგებული და მარტივი გამოსაყენებელი.
ჩამოვთვალოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც ინტერნეტმაღაზიის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ:
- საიტის დიზაინი
- ადაპტირებადობა სხვადასხვა მოწყობილობაზე
- საიტის სისწრაფე
- მარტივი ნავიგაცია
- სწრაფი უკუკავშირი და კომუნიკაცია
- სანდოობა
და, რა თქმა უნდა, ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება, რომელსაც მომხმარებელს საიტის მეშვეობით სთავაზობთ.
რჩევები ონლაინ მაღაზიისთვის
- ხშირად ნუ შეცვლით საიტის დიზაინის ძირითად ელემენტებს
- გამოიყენეთ ხარისხიანი ფოტო- და ვიდეომასალა
- გამოიყენეთ ადვილად წაკითხვადი ტექსტი
- მიუთითეთ პროდუქტის დეტალური აღწერა და მახასიათებლები
- უპასუხეთ მომხმარებლის კომენტარებსა და შეფასებებს
- იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში
- დაგეგმეთ წამახალისებელი აქციები და მომხმარებლის ყურადღება მიაპყარით მათ
- მოახდინეთ საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის
იხილეთ ჩვენი სერვისები


